Wednesday, 8 May 2019

კურული, კუროსთანხართან ჭიდაობა, თამაშად ქცეული რიტუალი, რომელიც დიდი ღმერთის სახელობაზე იმართებოდა. ძირითადად დამოწმებული დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის მოსახლეობაში, სამეგრელოში იმართებოდა კვირა დღეს, სოფლის ახლოს მოედანზე. გამოჰყავდათ საგანგებოდ გაწვრთნილი ხარი, მიაბამდნენ მოედნის ცენტრში ჩასობილ პალოზე და 2 კაცი, გარკვეული წესების დავით აღიზიანებდა. შემდგომ გახელებულ ხარს აუშვებდნენ და ერთ-ერთი იწყებდა მასთან ბრძოლას. კურულის მიზეზი იყო ხარის და დაძლევა, შეკვრა და წაქცევა. საღამოს იმავე ადგილას იმართებოდა ფალავანთა ჭიდაობა. სვანეთში ასეთი ხარების ჭიდაობით იწყებოდა დიდი ღმერთის სახელობის დღესასწაულთა ციკლი „უფლიშიერი“, რომელიც თომას კვირას (აღდგომის მომდევნო კვირა, კვირაცხოველობა) დგებოდა და 5-6 კვირა გრძელდებოდა. ამ დღეს „ლასკარებს“ (სამეზობლოებს) ან ცალკეულ თემებს გამოჰყავდათ დიდი ღმერთის სახელზე შეწირული კუროები ან რჩეული ხარები, არაყს დაალევინებდნენ, გაახელებდნენ და რიგ-რიგობით მიუშვებდნენ ერთმანეთზე. ხარების ჭიდაობა გურიასა და რაჭაშიც სცოდნიათ, მაგრამ რელიგიურ-საკულტო მნიშვნელობით მხოლოდ სვანეთში იყო შემორჩენილი.
ამ თამაშობებში არეკლილია ხართან დაკავშირებული უძველესი რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც გავრცელებული ყოფილა აღმოსავლეთში, კავკასიაში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებში. ყურადღებას იქცევს ძველი კრეტის მხატვრობა, სადაც გამოსახულია ხართან ბრძოლა, რაც მეტად პოპულარული ყოფილა და რელიგიურ-საკულტო ცერემონიალში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რიტუალად შედიოდა. მომდევნო ხანებში ხართან ბრძოლამ თანდათან დაკარგა პირვანდელი შინარსი და შუა საუკუნეებში ფეოდალთა საყვარელ გასართობად იქცა. მისი თანამედროვე ფორმებია სამხრეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გავრცელებული კორიდა.

No comments:

Post a Comment